დავიბადე 1962 წლის 16 მარტს ოზურგეთის რაიონ სოფელ დვაბზუში.
1979
წელს საშუალო სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, სწავლა განვაგრძე თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტში. 1986 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის
ფაკულტეტის კავკასიურ ენათა განყოფილება, ხოლო 1990 წელს ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია დაღესტნურ
ენათა მიმართულებით „ფერთა აღმნიშვნელი ლექსიკა თაბასარანულ ენაში“,
1990-1994
წლებში ვსწავლობდი თბილისის კონსერვატორიაში ნოდარ ანდღულაძის კლასში.
1986-2002
წლებში ვმუშაობდი არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველურ ენათა ისტორიულ-ეტიმოლოგიურ
ლაბორატორიაში მეცნიერ-თანამშრომლად.
1990
წლიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი ვარ: 1990-2002 წლებში
- კავკასიურ ენათა კათედრის დოცენტი, 2002-2006 წლებში - ამავე კათედრის პროფესორი,
2006 წლიდან დღემდე - კავკასიოლოგიის ინსტიტუტის სრული პროფესორი და ხელმძღვანელი.
2002
წელს დავიცავი სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „თაბასარანული ენის ფონემატური სტრუქტურა
და მორფონოლოგიის საკითხები“.
საქართველოს
საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე რეფორმების კვალდაკვალ, ორი კათედრის:
კავკასიურ
ენათა კათედრისა და კავკასიის ხალხთა ისტორიის კათედრის გაერთიანებით ინტერდისციპლინარული
მიდგომის საფუძველზე დავაარსე კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი. ჩემ მიერ
წარმოდგენილი კავკასიოლოგიის, როგორც სასწავლო-სამეცნიერო დარგის, განვითარების კონცეფცია,
თანამედროვე მოთხოვნათა სტანდარტების შესაბამისად, ერთდროულად იყო ტრადიციულიცა და
ინოვაციურიც. დავაარსე ახალი მოდულები (აზერბაიჯანოლოგია, ოსოლოგია, არეალური ლინგვისტიკა)
სწავლების
სამივე საფეხურისათვის, აღვადგინე რუსული სექტორი და შევქმენი რუსულენოვანი პროგრამები
სწავლების სამივე საფეხურისათვის. შევქმენი 4 ათეულზე მეტი ახალი საგანი დარგის სპეციფიკის
გათვალისწინებით ქართული და რუსული სექტორებისათვის. ამგვარი მიდგომის მიზანი იყო,
თანამედროვე ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად, ფართო პროფილის კავკასიოლოგის ჩამოყალიბება,
რომელიც, ამავდროულად, იქნება კონკრეტული მოდულის მიხედვით, კავკასიოლოგიის ვიწრო სფეროს
სპეციალისტიც. მიდგომა შეპირობებული იყო კავკასიის, როგორც მულტილინგვური და მულტიკულტურული
სივრცის აღქმით. დასახული ამოცანის განსახორციელებლად გავმართე ერთობლივი მუშაობა კავკასიის
სხვადასხვა სუბიექტის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრებთან. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის
მხარდაჭერით, სასწავლო პროგრამის ამოქმედებისათვის შედგა არაერთი პრეზენტაცია ახალი
პროგრამებისა, მაგალითად, ოსური მხარის მონაწილეობით თსუ-ში (2007), ბაქოს სახელმწიფო
უნივერსიტეტში (2007). შევქმენი კავკასიოლოგიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა,
რომელიც ახლა გადის ექსპერტიზას ხარისხის სამსახურში. შევქმენი ელექტრონული კურსები
სპეციალობაში. შევქმენი და გამოვეცი სახელმძღვანელოები. ვთარგმნე და გამოვეცი სახელმძღვანელოები
რუსულ ენაზე. დავაარსე სტუდენტთა მუდმივმოქმედი სემინარი, რომლის მასალები იტვირთება
რეგულარულად ვებგვერდზე. შევქმენი ინსტიტუტის სამენოვანი ვებგვერდი. აღვადგინე ორი
ათეული წლის მანძილზე არსებული პოლიტიკური ვითარების გამო დაკარგული ურთიერთობები ჩრდილო
კავკასიის სასწავლო-სამეცნიერ ცენტრებთან.
დავაარსე
კავკასიოლოგთა საერთაშორისო კონგრესი: 2007 წელს ჩატარდა 1-ლი - „კავკასიური ცივილიზაცია
მახლობელი აღმოსავლეთის ლინგვოკულტურულ კონტექსტში“; 2010 წელს კი მე-2 - „კავკასიური
ცივილიზაცია - ისტორია და თანამედროვეობა“. ორივე კონგრესისათვის დაიბეჭდა 450 გვერდიანი
სამენოვანი მასალები და სხვა პუბლიკაციები - წიგნები, ბუკლეტები, პროგრამები ჩემი რედაქტორობით.
2013 წლის ოქტომბერში დაგეგმილია მესამე კონგრესი (მულტიკულტურალიზმი და ტოლერანტობა
კავკასიაში), რომელიც ჩემ მიერ წარდგენილი პროექტის საფუძველზე საკონფერენციო გრანტის
კონკურსში დააფინანსა რუსთაველის ფონდმა. კონგრესის ფორმატი ითვალისწინებს ჰუმანიტარულ
მეცნიერებათა ყველა დარგს, რომლებიც ამა თუ იმ კუთხით სწავლობს კავკასიურ ცივილიზაციას.
კონგრესზე ფუნქციონირებს 8 სექცია სამ ენაზე. იბეჭდება მასალები და სპეციალურად კონგრესისათვის
განკუთვნილი სამეცნიერო პუბლიკაციები ჩემი რედაქტორობით. კონგრესისათვის შევქმენი სპეციალური
ვებგვერდი 2007 წელს. იგი მუდმივად განახლებადი და ინფორმაციულია, რაც კონგრესს აძლევს
შესაძლებლობას, იყოს ხელმისაწვდომი ყველა ქვეყნის მეცნიერთათვის.
2008
წელს არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტთან ერთად ჩავატარეთ ლინგვისტთა
მე-2 საერთაშორისო სიმპოზიუმი, ხოლო 2011 წელს - ლინგვისტთა მე-3 სიმპოზიუმი. ორივე
სიმპოზიუმის მასალები (თითო 400 გვერდიანი) დაიბეჭდა.
2009
წლის მაისში, ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, არ შევცვალე
გეგმით გათვალისწინებული საერთაშორისო კონფერენციის (ერგატივი და ერგატიული კონსტრუქცია
მსოფლიოს ენებში) დათქმული დრო და ჩავატარეთ კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს
ჩრდილოკავკასიელმა კოლეგებმა სხვა ქვეყნების
კოლეგებთან ერთად. დაიბეჭდა სამენოვანი მასალები.
2012
წელს თსუ რექტორის მომართვის საფუძველზე კავკასიოლოგიის ინსტიტუტმა ჩაატარა რეგიონის
ქვეყნების (თურქეთი, აზერბაიჯანი, საქართველო) ერთობლივი ორგანიზებით საერთაშორისო
სიმპოზიუმი „კავკასიის ხალხთა ფოლკლორი და ლინგვოკულტუროლოგია“. სინქრონი განხორციელდა
5 ენაზე, მასალებიცა და სტატიებიც აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად დაიბეჭდა ასევე 5 ენაზე.
აღნიშნული სიმპოზიუმი იყო პირველი კავკასიის ქვეყანათა ერთობლიობით ჩატარებული სამეცნიერო
ფორუმი ჰუმანიტარულ სფეროში.
ჩემი
ინიცირებითა და სამეცნიერო რედაქტორობით ჩატარდა აგრეთვე 2 ადგილობრივი სამეცნიერო
კონფერენცია (იან ბრაუნი - 80, აკადემიკოს ქეთევან ლომთათიძის საუნივერსიტეტო და სამეცნიერო
მოღვაწეობის 75 წლისთავისადმი მიძღვნილი). ორივე კონფერენციის კრებული დაიბეჭდა.
2008
წელს მიწვეული ვიყავი ესპანეთში ადამიანის უფლებათა დაცვის მე-3 კონგრესზე, სადაც,
პირველმა პოსტსაბჭოთა სივრციდან, დავსვი საკითხი ჩრდილო კავკასიის ენობრივი უფლებების
დაცვის თაობაზე რუსეთის ფედერაციის ენობრივი სიტუაციის მექანიზმის მეცნიერულად არგუმენტირებული
მხილებით.
ინტენსიურად
ვმონაწილეობ საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში სხვადასხვა ქვეყანაში.
ვხელმძღვანელობ
მიმდინარე გრანტს (რუსთაველის ფონდის დაფინანსებით) „კავკასიურ ენათა პრაქტიკული სახელმძღვანელოები
კავკასიურ ენათათვის“. წარდგენილი მაქვს ორი გრანტი საერთაშორისო ფონდებში სამხრეთ
კავკასიის კონფლიქტების გადაწყვეტის პრაქტიკული ღონისძიებების განსახორციელებლად. დარგის
წარმატებული მომავლისათვის პროექტების განხორციელებაში ჩავრთე დოქტორანტები, მაგისტრები,
მაგისტრანტები და, განსაკუთრებულ შემთხვევაში - სტუდენტებიც.
ვხელმძღვანელობ
5 დოქტორანტს, მათ შორის ერთი უცხოელია.
2009
წელს დავაარსე სამენოვანი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „კავკასიოლოგიური ძიებანი“.
ჟურნალის რედკოლეგია და სარედაქციო საბჭო საერთაშორისოა. ჟურნალი დაყოფილია ჰუმანიტარულ
მეცნიერებათა დარგებად, რომლებიც შეისწავლიან კავკასიას. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის
მხარდაჭერით გამოვიდა სამი ნომერი ( თითო 700 გვერდიანი), იბეჭდება მე-4 და გამოსაცემად
მზადდება მე-5 ნომერი. ჟურნალმა გამოსვლისთანავე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. ჟურნალს
ანალოგი არა აქვს ამ დარგში. იგი კარგად წარმოაჩენს თსუ-ს სამეცნიერო პოტენციალს და
მთავარი რედაქტორის შესაძლებლობებს.
ვარ
80-მდე ნაშრომის ავტორი, მათ შორის - 4 წიგნისა (სამი მონოგრაფიაა).
ვარ
თსუ ორი მოწვევის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი.
2007
წელს ვიყავი თსუ წესდების შემდგენი კომისიის წევრი.
ვარ
ინოვაციური პიროვნება, ტოლერანტი, მიყვარს ყველა და ყველაფერი მტრის ჩათვლით. ვარ ლიდერი,
პრინციპული, კრიტიკულ შემთხვევაში საქმის ინტერესებს საკუთარ ხასიათსა და ინტერესებზე
წინ ვაყენებ და ვიჩენ დიპლომატიურობას, ვარ „მცველი“ ბუნებით (დარგის, ადამიანის ღირსების,
ქვეყნის). ალბათ, სწორედ ამ თვისებების გამოც დამაბრუნეს (თუ დავბრუნდი) ხელოვნებიდან
მეცნიერებაში. ვარ მეცნიერების ორგანიზატორი, მოტივირებული იდეისა და ქმედებისათვის.
ვარ
კოლეგიალური, მყავს კოლეგები და მეგობრები ბევრ ქვეყანაში, ვთანამშრომლობ და ვმეგობრობ
კონფლიქტის ზონაში მყოფ კოლეგებთან, ვხდები მათ ქვეყნის ინტერესების დასაცავად. ვარ
გახსნილი შემდგომი ურთიერთობებისთვისაც, მათ შორის სამეცნიერო ოპონენტებთანაც უნივერსიტეტის
ეთიკის კოდექსის ფარგლებში.
მიყვარს
კანონის დაცვა და, რაც მთავარია, შესწავლა. არ ვარ და არც არასდროს ვყოფილვარ რომელიმე
პოლიტიკური პარტიის ან ბლოკის წევრი. ჩემთვის სისხლხორცეულად მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნის
სტრატეგიული ინტერესები და მე მას ვემსახურები შეძლებისდაგვარად ჩემი სამეცნიერო და
საზოგადოებრივი საქმიანობით.
მყავს მეუღლე და ორი ვაჟი.
No comments:
Post a Comment